logo
ENG



პრემიერი ლატვიისთვის ვაქცინებზე უარის თქმას არ უარყოფს და ამას "სუვერენულ არჩევანს" უწოდებს

02 სექ 202115:35
3 წუთის საკითხავი
 
პრემიერი ლატვიისთვის ვაქცინებზე უარის თქმას არ უარყოფს და ამას "სუვერენულ არჩევანს" უწოდებს

პრემიერი ღარიბაშვილი არ უარყოფს, რომ საქართველომ უარი თქვა ლატვიისგან ნაჩუქარ ასტრაზენეკას ვაქცინის 50 ათას დოზაზე და ამას "სუვერენულ არჩევანს" უწოდებს. მისი თქმით, ასტრაზენეკას ვაქცინა საქართველოში "ნაკლებად მოთხოვნადია" და იმ ვაქცინებს შემოიტანს, რაც "მოსახლეობას უნდა".

"რატომ არის საინტერესო და პრობლემური, ჯერ ეს ამიხსენით. რას ამბობენ? რატომ არის ეს პრობლემური?.. მთავრობამ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ ამ მომენტისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინები. ყველანაირი ვაქცინა გვაქვს საქართველოში.

ფაიზერი, დღეის მდგომარეობით გვაქვს კიდევ მილიონი დოზა, სინოვაკი, რომელიც ანალოგიურია, როგორიცაა სინოფარმი. კიდევ დამატებით 1 მილიონი სინოფარმი მაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ კიდევ 2 მილიონ ფაიზერზე. როგორც ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები მეუბნებიან, ასტრაზენეკა ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ ამ დროს გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული, მაგრამ როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, რა ვაქცინებიც ჩვენს მოსახლეობას უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ", - განაცხადა პრემიერმა.

დღეს, 2 სექტემბერს ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ლატვიას 50 000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა.

როგორც კანდელაკმა ბრიფინგზე ისაუბრა, ეს იმ ფონზე მოხდა, როცა ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს.

მედიაში აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს. მედიის თანახმად, სამთავრობო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ვიზიტზე უარის თქმა სამი ქვეყნის პარლამენტებისა და მთავრობების კოორდინირებული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან საქართველოს არ გამოუჩენია სურვილი, დაესაჯა ისინი, ვინც 5 ივლისს თავს დაესხა ლგბტქ აქტივისტებს და ჟურნალისტებს.


close დახურვა